ვის აქვს ბიზნესსაქმიანობის განხორციელების უფლება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში

მოგეხსენებათ, საქართველოში 2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დადგენილება N181 „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ,“ რომლითაც იზღუდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.

წინამდებარე სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია ბიზნესსაქმიანობის გაგრძელება საგანგებო რეჟიმის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში, როგორ უნდა მოიპოვონ გარკვეულმა საწარმოებმა საქმიანობის გაგრძელების ნებართვა.

გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რისკების შესაბამისად იცვლება N181 დადგენილების დებულებებიც და წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. ჩვენ ვეცდებით, უწყვეტ რეჟიმში მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ.

დღევანდელი თარიღისთვის (07.04.2020) მოქმედი N181 დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა. გამონაკლისების ჩამონათვალი მოცემულია ამავე დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც შეზღუდვა არ ეხება:

სამედიცინო დაწესებულების საქმიანობას;
სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობასა და დისტრიბუციას, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებას;
წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობას;
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებას/გადაცემას/განაწილებას/მიწოდებას, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას;
კომერციული ბანკების საქმიანობას;
იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს და მათი აგენტების საქმიანობას, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობას;
ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობას;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას;
საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებას/რეალიზაციას;
სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებას/დისტრიბუციას/რეალიზაციას;
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებას;
საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებას (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
კერძო დაცვითი საქმიანობას;
საადვოკატო საქმიანობას;
ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობას;
პრესის ჯიხურებს;
ნავთობის და გაზის მოპოვებას, გადამუშავებას;

 

საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

ასევე, საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე.წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი საქმიანობის სფეროში ოპერირებს საწარმო, მისთვის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება დასაშვებია, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად). დისტანციურად მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან (
სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).

 

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. მათი ჩამონათვალით იხილეთ ცხრილში:

სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
 სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა  სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა)
სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის)
სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები
სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია
პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება
ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა
სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები
საფოსტო და საკურიერო მომსახურება
საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა)
ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები
IT  და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად)
საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად)
სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად)
ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები
სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად)
სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად)
საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად)
არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად)
იურიდიული მომსახურება (დისტანციურად)
შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია
დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები
სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება
24-საათიანი  სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები)
არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად)
ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა)
ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად)
ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)
საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკის დასაბეჭი ქაღალდის/რულონის მიწოდება
სამაცივრე მეურნეობები
საბაჟო საწყობები
ცხოველთა სასაკლაოები
სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები
სასათბურე მეურნეობები
საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.

 

N181 დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ზემოთაღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებით არიან დაინტერესებული, უნდა მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://registration.gov.ge/pub/form/3__/wu5qsv/

სამშენებლო კომპანიებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე: https://registration.gov.ge/extranet/construction/index.php

ხოლო სამშენებლო მასალების და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა შეავსონ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა და გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

სარეგისტრაციო ფორმის შესწავლის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომზადდება ინფორმაცია მეწარმე სუბიექტისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისი პირობებით განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ, ასევე რამდენად აქვს მას შესაძლებლობა ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესაძლებლობა.

აღნიშნული ინფორმაცია წარედგინება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერატიულ შტაბს.

მეწარმე სუბიექტისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის დადგენილების დანართით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესახებ წინადადებით  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მთავრობას მხოლოდ აღნიშნული შტაბის თანხმობის შემთხვევაში მიმართავს.

გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სტატიის დახმარებით ვერ იპოვეთ პასუხი კითხვაზე – აქვს თუ არა თქვენს კომპანიას საქმიანობის გაგრძელების უფლება, შეგიძლია დაგვიკავშირდეთ.

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ფლორენსია კაშხჩიანი

Tags

ასევე დაგაინტერესებთ