კომერციული ბანკების განცხადებით, სესხების გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია და მსესხებლის სურვილზეა დამოკიდებული. ამიტომ, აუცილებელია, სანამ დათანხმდებით ბანკ(ებ)ის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, კარგად განსაზღვროთ თქვენი რისკები, შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობა, მომავალ თვეებში თქვენი გადახდისუნარიანობის საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ არის თუ არა თქვენთვის „მომგებიანი“ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.
ჩვენ კი დაგეხმარებით, თითოეული ბანკის მიერ შემოთავაზებული პირობების ანალიზით, უფრო მარტივი გავხადოთ თქვენთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს ფიზიკურ პირებს ყველა სახის სესხზე, იქნება ეს იპოთეკა, სამომხმარებლო სესხი, განვადება თუ საკრედიტო ბარათი. ამასთან, საშეღავათო პერიოდი ვრცელდება ნებისმიერ ვალუტაში გაცემულ სესხებზე.
სამთვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ პირებს არ მოუწევთ არც სესხის ძირისა და არც პროცენტის გადახდა, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს შემდეგი: თანხის გადახდას იწყებთ ივნისიდან და შესაბამისად, თქვენი სესხის გადახდის ვადა ხანგრძლივდება საშეღავათო პერიოდით – სამი თვით. ამის გათვალისწინებით, იზრდება თქვენ მიერ სესხით სარგებლობისათვის გადასახდელი პროცენტის ოდენობა.
განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:
თქვენ გაქვთ სესხი, რომელიც არსებული გრაფიკის გათვალისწინებით, უნდა დამთავრდეს 2020 წლის დეკემბერში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, თქვენ იხდით პროცენტის სახით 700 ლარს ყოველთვიურად.
თუ თქვენ ისარგებლებთ საშეღავათო პერიოდით, თქვენი სესხის დამთავრების თარიღი იქნება 2021 წლის მარტი. თქვენ მიერ ზედმეტად გადასახდელი თანხა კი 3×700=2100 ლარი, რომელიც გადანაწილდება სესხის დაფარვამდე დარჩენილ თვეებზე, ამ შემთხვევაში 10 თვეზე (2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით). შესაბამისად, თქვენ მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გაიზრდება 2100:10=210 ლარით.
თიბისი ბანკი
თიბისი ბანკის საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. რაც შეეხება პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელსაც საშეღავათო პერიოდი შეეხება, ესენია: იპოთეკური, სამომხმარებლო, სასწრაფო სესხები, ავტო სესხები, განვადება, საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტი, ლომბარდი და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხები.
საქართველოს ბანკის მსგავსად, სესხის ვადა საშეღავათო პერიოდით (3 თვით) ხანგრძლივდება თიბისი ბანკის შემთხვევაშიც. პროცენტის დარიცხვის პრინციპი აღნიშნულ ბანკშიც იგივეა, რაც ნიშნავს იმას, რომ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე. პროცენტზე პროცენტის დარიცხვა კი არ მოხდება.
თიბისი ბანკის მომხმარებელ პიზიკურ პირებს რამდენიმე სესხის არსებობის შემთხვევაში არ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ, რომელი სესხის ფარგლებში ისარგებლებენ საშეღავათო პერიოდით. საშეღავათო პერიოდი ამოქმედდება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე, ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში – არც ერთზე.
რაც შეეხება ბიზნეს სესხებსა და სტატუს მომხმარებლებს, მათ შემთხვევაში მოხდება თითოეული სესხის ინდივიდუალურად განხილვა.
თიბისი ბანკის მიერ შემოთავაზებული პირობების თანახმად, მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში განახორციელოს წინსწრებით გადახდა, რომელზეც მას საკომისიო არ დაერიცხება. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ კი წინსწრებით გადახდაზე საკომისიოს დარიცხვის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების მოქმედება აღდგება.
ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ყველა ფიზიკურ პირს, ვინც სარგებლობს ლიბერთი ბანკის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით: სამომხმარებლო სესხი, იპოთეკური სესხი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათები, განვადება, სოციალური სესხები, ფიზიკურ პირებზე გაცემული სამეწარმეო სესხები, ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი და ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი.
ლიბერთი ბანკის საშეღავათო პერიოდი ითვალისწინებს საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკისგან განსხვავებულ პირობებს სესხის ვადისა და პროცენტის დარიცხვის ნაწილში. კერძოდ, ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში სესხის ვადა არ გაუხანგრძლივდებათ, სამ თვეში გადასახდელი პროცენტი კი გადანაწილდება დარჩენილ თვეებზე.
მაგალითისთვის, თქვენ გაქვთ სესხი, რომელიც არსებული გრაფიკის გათვალისწინებით, უნდა დამთავრდეს 2020 წლის დეკემბერში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, თქვენ იხდით პროცენტის სახით 700 ლარს ყოველთვიურად.
თუ თქვენ ისარგებლებთ საშეღავათო პერიოდით, თქვენი სესხის დამთავრების თარიღი იქნება კვლავ 2020 წლის დეკემბერი. თქვენ მიერ ზედმეტად გადასახდელი თანხა კი 3×700=2100 ლარი, რომელიც გადანაწილდება სესხის დაფარვამდე დარჩენილ თვეებზე, ამ შემთხვევაში 7 თვეზე (2020 წლის ივნისიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით). შესაბამისად, თქვენ მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გაიზრდება 2100:7=300 ლარით.
ვითიბი ბანკი
ვითიბი ბანკი საშეღავათო 3-თვიან პერიოდს ავრცელებს ყველა ფიზიკურ პირზე, გარდა იმ მსესხებლებისა, რომლებიც 2020 წლის 16 მარტის მდგომარეობით იმყოფებიან 45 ან მეტ დღიან ვადაგადაცილებაში. რაც შეეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სარგებლობენ ბიზნეს სესხებით, მათ ბანკი დაუკავშირდება გადავადების ინდივიდუალური პირობების შესათანხმებლად.
ვითიბი ბანკის საშეღავათო პერიოდი ეხება შემდეგ პროდუქტებს: სამომხმარებლო სესხები, იპოთეკური სესხები, ავტოსესხები, განვადებები, სალომბარდე სესხები, საკრედიტო ბარათები, სახელფასო ოვერდრაფტები. შენატანების გადავადება კი არ შეეხება დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხებს.
სხვა ბანკებისაგან განსხვავებით, ვითიბი ბანკში მომხმარებლები საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ სესხს დაფარავენ ყოველთვიურად, არსებული გრაფიკის შესაბამისად. სესხის ვადა გახანგრძლივდება, თუმცა გახანგრძლივებულ პერიოდში მომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ საშეღავათო პერიოდში დარიცხულ პროცენტს. შესაბამისად, აღნიშნული პროცენტი დარჩენილ თვეებზე არ გადანაწილდება ისე, როგორც სხვა ბანკებში.
მაგალითად, თქვენ გაქვთ სესხი, რომელიც არსებული გრაფიკის გათვალისწინებით, უნდა დამთავრდეს 2020 წლის დეკემბერში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, თქვენ იხდით პროცენტის სახით 700 ლარს ყოველთვიურად.
თუ თქვენ ისარგებლებთ საშეღავათო პერიოდით, თქვენი სესხის დამთავრების თარიღი იქნება 2021 წლის მარტი. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მარტამდე თქვენ გადაიხდით სესხის ძირსა და მასზე დარიცხულ პროცენტს არსებული გრაფიკის შესაბამისად. თქვენ მიერ ზედმეტად გადასახდელი თანხა – საშეღავათო პერიდზე დარიცხული პროცენტი იქნება 3×700=2100 ლარი, რომელსაც თქვენ გადაიხდით სესხის დასრულების თარიღის, 2021 წლის მარტის, შემდეგ, რომელიც გადანაწილდება პირობითად 2 თვეზე, შესაბამისად, 2021 წლის აპრილში და მაისში თქვენ მოგიწევთ თვეში 2100/2=1050 ლარის გადახდა.
ვითიბი ბანკში მომხმარებელს არ ექნება შესაძლებლობა რომელიმე სესხზე გააუქმოს გადავადება, შესაბამისად, გადავადება უნდა შეეხოს ყველა სესხს ან არცერთ მათგანს. მომხმარებლის მიერ რომელიმე ერთ ან ყველა სესხზე შენატანის წინსწრებით განხორციელების შემთხვევაში, მას არ მოუწევს წინსწრების საკომისიოს გადახდა შენატანის სამმაგი ოდენობის ფარგლებში.
ბაზისბანკი
ბაზისბანკი 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობას აძლებს ფიზიკურ პირებს, რომელთაც ბანკის მიმართ არ აქვთ პრობლემური ვალდებულება და უწევთ სესხზე შენატანის განხორციელება 16 ივნისამდე.
საშეღავათო პერიოდი ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები, განვადება, სწრაფი ფული, განავადე და მზა სესხი – ონლაინ სესხი.
სხვა ბანკების მსგავსად, ბაზისბანკშიც საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, თუმცა, ბაზისბანკში სესხი გახანგრძლივდება იმ ვადით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლისთვის არ გაიზარდოს ყოველთვიური შენატანი. შესაბმისად, ბაზისბანკში საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს ვითიბი ბანკში შემუშავებული პრინციპის მსგავსად.
გაეცანით თქვენი ბანკის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, განსაზღვრეთ რისკები თქვენი სამომავლო შემოსავლის გათვალისწინებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, გიღირთ თუ არა საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ფლორენსია კაშხჩიანი