საშემოსავლო გადასახადი
საქართველოში მოქმედი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ფიზიკური პირების შემოსავალი. ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს რეზიდენტ პირებს, იბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით როგორც საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლისთვის. ხოლო ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს რეზიდენტები, საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ობიექტს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტები გათავისუფლებულები არიან საქართველოს გარეთ არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრისაგან, შესაბამისად, საბოლოოდ ვიღებთ შედეგს, რომ როგორც საქართველოს რეზიდენტებისთვის, ისე არარეზიდენტებისთვის, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტს წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკვანძო და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, პირის მიერ მიღებული შემოსავალი წარმოადგენს თუ არა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. შემოსავლის წყაროს ადგილის დადგენა კომპლექსურ და რთულ საკითხს წარმოადგენს, მაგრამ ზოგადი წესი მდგომარეობს იმაში, რომ თუ მოქმედება, რომლისთვისაც ფიზიკური პირი იღებს ამ შემოსავალს, შესრულებულია საქართველოში, შემოსავალი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად.
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები არიან:
- საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირები;
- საქართველოს არარეზიდენტი ფიზიკური პირები.
რეზიდენტობა
მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში საქართველოს რეზიდენტად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
დასაბეგრი შემოსავალი
საქართველოში მოქმედი საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის, დასაბეგრ შემოსავალს მიეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და ნებისმიერი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი, რომელიც იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:
- ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი (დამსაქმებლისგან მიღებული შემოსავალი);
- ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
- სხვა შემოსავალი, რომელიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, ნებისმიერი საჩუქარი დამსაქმებლისგან, სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაზღვევა, დამსაქმებლის ავტომობილით სარგებლობა პირადი მიზნებისთვის და ა.შ.
საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი:
ფიზიკური პირის (მიუხედავად მისი რეზიდენტობისა) დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20%-იანი განაკვეთით, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ცალკეულ შემთხვევებში კი გადასახადის განაკვეთის ოდენობაა:
- ხელფასისთვის – 20%
- დივიდენდისთვის – 5%
- პროცენტისთვის – 5%
- როიალტისთვის – 20%
- ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნებისთვის გაქირავებით მიღებული შემოსავლისთვის – 5%
- ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავლისთვის – 5%