კრედიტის (სესხის) წინსწრებით დაფარვა, გადაფარვა

რა უნდა გავითვალისწინოთ კრედიტის წინსწრებით დაფარვისას? რა დამატებითი ხარჯებია გათვალისწინებული წინსწრებით დაფარული სესხისთვის და როგორ უნდა ავირიდოთ დამატებითი ხარჯები?

სესხის წინსწრებით დაფარვა გარკვეულწილად ხელშეკრულების, უფრო კონკრეტულად კი სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაა. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება ხელსაყრელი უნდა იყოს ფინანსური ორგანიზაციისათვის, სინამდვილეში, ამ თანხის  ვადაზე ადრე მიღება მისთვის გარკვეულ ფინანსურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული, რადგან  დაგეგმილ სარგებელს ვეღარ იღებს. ამიტომ, ხშირად ხელშეკრულებაში, სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მსესხებლისთვის დაწესებულია ე.წ. პირგასამტეხლოს ანუ ჯარიმის გადახდის პირობა. ეს ის თანხაა, რაც შესაძლოა დაგაკისროთ ფინანსურმა ორგანიზაციამ მიმდინარე ანუ გადახდის დღემდე დარიცხული/გადასახდელი ხარჯების გარდა. თუმცა,  პირგასამტეხლოს მოცულობა კანონმდებლობითაა ლიმიტირებული და ფინანსური ორგანიზაციის შემთხვევაში, დამოკიდებულია სესხის ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილ ვადაზე.

  • რა საკომისიო/პირგასამტეხლო შეიძლება დაეკისროს მომხმარებელს კრედიტის ინსწრებით დაფარვისას?
    ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მის მიერ გაცემული კრედიტის სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების (ე.ი. სხვა ბანკიდან მიღებული სახსრებით დაფარვის დროს) ან მომხმარებლის საკუთარი სახსრებით წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს საკომისიო/პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისათვის ხელშეკრულების დარჩენილი ვადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

    თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-იდან 12 თვემდე, კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5%-ისა,
    2. თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-იდან 24 თვემდე, კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა,
    3. თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა,

 

  • საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს, თუ:
  1. ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი;
  2. კრედიტის რეფინანსირება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება იმავე ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი კრედიტით;
  3. კრედიტის წინსწრებით დაფარვა ხდება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნით;
  4. კრედიტის წინსწრებით დაფარვა ან რეფინანსირება ხდება ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებზე მომხმარებლის და/ან, არსებობისას, თავდების/სოლიდარული თავდების/უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მხრიდან დაუთანხმებლობის მიზეზით; აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ ფინანსური ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუქმდა არსებული ინდექსი და ხდება ინდექსის ჩანაცვლება;

ე)  კრედიტი იფარება კრედიტის დაფარვის უზრუნველსაყოფად დადებული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში;

ვ) წინსწრებით იფარება ოვერდრაფტი.

ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადა  

6 თვემდე

 

6-12 თვემდე

 

12-24 თვემდე

 

24 თვეზე მეტი

% 0% 0,5% 1% 2%

 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვადების კონტროლი, რათა თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი არასასურველი შედეგები.

თქვენ, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ და მიიღოთ ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებული დეტალური და საჭირო ინფორმაცია და მიიღოთ პასუხი თქვენს ყველა შეკითხვაზე, რათა საბოლოოდ შეძლოთ, გონივრული გადაწყვეტილების მიღება. ასევე უფლება გაქვთ, ხელშეკრულების ხელმოწერამდე მოითხოვოთ ამ დოკუმენტის ნიმუში და გაეცნოთ მასში მოცემულ პირობებს დეტალურად. ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ როგორ არის განმარტებული ხელშეკრულებით 1 წელი, 1 თვე, რამდენი დღე იგულისხმება 1 სრული თვის გასვლად. პირობითად 12 იანვრს დადებული ხელშეკრულების ყოველი მომდევნო თვის 12 რიცხვი ითვლება თუ არა 1 სრული თვის გასვლად და ა.შ. რათა სესხის წინსწრებით, ვადაზე ადრე დაფარვისას წინასწარ იცოდეთ, ან მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია საკომისიოს/პირგასამტეხლოს თაობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ორგანიზაციის მიმართ გექნებათ რაიმე სახის პრეტენზია, შეგიძლიათ, დააფიქსიროთ ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი ფორმა, რათა მიღებული პასუხის შესაბამისად მოხდეს პრობლემის დროული მოგვარება.

სტატია შექმნილია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  2021 წლის 9 მარტის ბრძანება №32/04 საფუძველზე, https://matsne.gov.ge/ka/document/view/5117792?publication=0  რომელიც არეგულირებს, ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებს.

 

თეგები

მსგავსი პოსტები