კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ ბიზნეს სუბიექტებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვალდებულებას ეხება.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია, რომელმაც განსხვავებულად მოაწესრიგა კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების საკითხი. გარდამავალ დებულებებში (254-ე მუხლის პირველ ნაწილში) გაიწერა ვალდებულება, რომლის თანახმადაც ახალი რედაქციის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო ვალდებულია 2 წლის ვადაში უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მეწარმე სუბიექტებს ევალებათ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტების (სადამფუძნებლო შეთანხმება, წესდება (არსებობის შემთხვევაში პარტნიორთა შეთანხმება)) როგორც შინაარსობრივი მხარის, ასევე ფორმალური ნაწილის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.  აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა, რაღათქმაუნდა გამოიწვევს გარკვეულ სამართლებრივ შედეგებს, რასაც უფრო ვრცლად ქვემოთ განვიხილავთ.

თავდაპირველად უნდა განვიხილოთ რომელ სუბიექტებს მიემართებათ მოცემული ვალდებულება. ცვლილება ეხებათ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ ნებისმიერ საწარმოს, რომელიც დარეგისტრირებულია ახალი რედაქციის ამოქმედებამდე – 2022 წლის პირველ იანვრამდე, ვიანიდან აღნიშნულ თარიღამდე რეგისტრაცია მიმდინარეობდა განსხვავებული წესით, ხოლო ამ თარიღის შემდგომ საწარმოების რეგისტრაცია ხორციელდება ახალი კანონის შესაბამისად და აღნიშნულ საწარმოებს ცვლილების განხორციელების საჭიროება არ აქვთ.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 2022 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირებული საწარმო ვალდებულია, სარეგისტრაციო მონაცემები ამ კანონის  მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს კანონის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში – 2024 წლის პირველ იანვრამდე.

ზემოთ ნახსენები ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მეწარმეს განუსაზღვრავს დამატებით სამ თვიან ვადას, რომელიც აითვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მეწარმესთვის გაცნობის დღიდან. აღნიშნული ვადა წარმოადგენს საბოლოო ვადას, რომლის გაგრძელების შესაძლებლობასაც კანონმდებლობა აღარ იძლევა და ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი სამეწარმეო საზოგადოებისა და სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის რეგისტრაცია გაუქმებულად მიიჩნევა.

Tags

Similar posts