ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვა და საგადასახადო შეღავათები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღების ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა. იმავე დღეს საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტს მხარი დაუჭირა.

აღნიშნულის საფუძველზე 2020 წლის 23 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება N181 საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ, რომლითაც დაწესდა გარკვეული შეზღუდვები ბიზნესსაქმიანობაზე.

ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვა

საგანგებო მდგომარეობის ვადით, 2020 წლის 21 აპრილამდე, შეჩერდა ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია. განისაზღვრა საგამონაკლისო სია, რომელზეც არ ვრცელდება აღნიშნული შეზღუდვა. კერძოდ, არ იკრძალება:

  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაცია;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდება;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია;
  • საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია, თუ საცალო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე;
  • პრესის ჯიხურების საქმიანობა.

შეზღუდვები შეეხოთ რესტორნებსა და კვების ობიექტებსაც, რომელთათვისაც ბიზნესსაქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე.წ. „დრაივის“) მომსახურებით, სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა. საგანგებო მდგომარეობის ვადით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება, დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

 

თავშეყრის აკრძალვა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება

ყველა დანარჩენ ბიზნესსუბიექტს უფლება აქვს გააგრძელოს საქმიანობა, თუმცა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების ფარგლებში. კერძოდ, დადგენილების 5.2. მუხლის თანახმად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. განმარტებულია საჯარო სივრცის ცნებაც, რომლის მიხედვითაც საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ყველა ბიზნესსუბიექტზე გაცემულია რეკომენდაცია, საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.

10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრის შესახებ შეზღუდვა არ ეხება:

  • სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;
  • სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

 

საგადასახადო შეღავათები

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესდა საგადასახადო შეღავათები გადასახადის გადამხდელთა ორი კატეგორიისათვის:

  1. ბიზნესსუბიექტებისათვის, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში;
  2. ბიზნესსუბიექტტებისათვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით.

მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, ამ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, 4 თვის ვადით, 2020 წლის 1 ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობისათვის ბიზნესსუბიექტებმა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე უნდა წარადგინონ შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმა, დასტურის მიღების შემდეგ კი მათ ექნებათ შეღავათით სარგებლობის უფლება.

შეღავათი ეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც მოხდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში.

საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის ბიზნესსუბიექტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განცხადების ფორმა, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=721.

განაცხადის ფორმის შევსების წესი კი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10806.

თეგები

მსგავსი პოსტები