ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ (მნიშვნელოვანი ცვლილებები) – FSG იურისტი

ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ (მნიშვნელოვანი ცვლილებები)

2022 წლის 1 იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა.ახალი კანონი  სამეწარმეო  საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს.

მეწარმეთა შესახებ ახალ კანონში გაჩნდა ისეთი ტერმინი, როგორიცაა სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხებს.

სამეწარმეო საზოგადოების დაფუძვნებისთვის აუცილებელია საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში.

სადამფუძნებლო შეთანხმება არის წერილობითი ფორმის შეთანხმება, რომელიც შედგება წესდებისა და კანონით დაწესებული სხვა სავალდებულო მონაცემებისგან და რომელზეც საჭიროა საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა ხელმოწერები.

კანონი ადგენს იმ მინიმალურ მონაცემებს, რომელიც სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს წესდების გარდა. აღნიშნული მინიმალური მონაცემები ემთხვევა წინა კანონში არსებულს: საფირმო სახელწოდება, ინფორმაცია პარტნიორებზე და ა.შ.

წესდებაში თავის მხრივ კანონი ავალდებულებს მეწარმეებს განსაზღვრონ:

ა) სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმა;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგანი. საქმიანობის საგნად შეიძლება მიეთითოს როგორც ზოგადი სამეწარმეო საქმიანობა, ისე კონკრეტული საქმიანობის საგანი;

გ) პარტნიორთა შორის შეთანხმებულ შეზღუდვას წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში;

დ) ინფორმაციას პარტნიორთა შეთანხმების არსებობის თაობაზე, თუ ასეთი შეთანხმება არსებობს.

აღნიშნული ჩამონათვალიდან აღსანიშნავია, რომ დამატებით სავალდებულო ხდება სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის მითითება.

ცვლილებები განხორციელდა წესდების ნაწილშიც. ,,სტანდარტული წესდება“ წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც არ შეიცავს შესაცვლელ ელემენტებს. სტანდარტულ წესდებებს სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმების მიხედვით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი). მინისტრის მიერ სტანდარტულ წესდებაში ცვლილების განხორციელება ან მისი გაუქმება არ გამოიწვევს იმ სამეწარმეო საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანის საჭიროებას, რომელსაც რეგისტრაციის მიზნებისთვის გამოყენებული ჰქონდა იმ მომენტისთვის მოქმედი სტანდარტული წესდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტანდარტულ წესდებაში ცვლილების განხორციელების ან მისი გაუქმების მიზეზია კანონის შესაბამისი ცვლილება, რომელიც ავალდებულებს სამეწარმეო საზოგადოებას, უზრუნველყოს წესდების კანონის იმპერატიულ მოთხოვნასთან შესაბამისობა.

ახალ სამეწარმეო რეესტრში აღარ გვხვდება ცნება ,,დირექტორი“. მის ნაცვლად კი გაჩნდა ტერმინი – ხელმძღვანელი ორგანო/ხელმძღვანელი პირი. სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამეწარმეო საზოგადოებას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი ორგანო. ამ ორგანოს უფლებამოსილება, აგრეთვე მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება კანონითა და წესდებით. ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას მესამე პირთან ურთიერთობაში.

ასევე, განისაზღვრა ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე კერძოდ,ხელმძღვანელი პირი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან თუ მან სამეწარმეო გადაწყვეტილება მიიღო საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად და ინტერესთა კონფლიქტის ან სხვების ზეგავლენის გარეშე. საგულისხმოა, რომ ამავდროულად ეს გათავისუფლება არ ვრცელდება, თუ იგი მოქმედებდა კანონით ან წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ.

ახალი კანონით დაკონკრეტდა ხელმძღვანელი პირის მიერ კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახეები. ხელმძღვანელ პირს არ აქვს უფლება, სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე განახორციელოს იგივე საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს სამეწარმეო საზოგადოება, ან იყოს იმავე სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. ხელმძღვანელ პირთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით აღნიშნული ვალდებულება შეიძლება ძალაში დარჩეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადით. კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციასთან ერთად შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდაც მოსთხოვოს. ალტერნატიულად, კომპენსაციის ნაცვლად საწარმომ შეიძლება მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან სარგებლის მიღების უფლების დათმობა. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება საზოგადოებას არ აქვს იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელის დამნიშვნელისთვის ცნობილი იყო ხელმძღვანელის პარალელური საქმიანობის შესახებ.

ასევე სიახლეს წარმოადგენს, სასამსახურო ხელშეკრულების მუხლი. ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას/სააქციო საზოგადოებას/კოოპერატივს და ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება.

სასამსახურო ხელშეკრულების დადების ნებაყოფლობითობაზე კანონს მითითება არ აქვს, რაც მიანიშნებს იმაზე რომ ყველა შპს-ს და სს-ს აქვს გასაფორმებელი ასეთი სასამსახურო ხელშეკრულება. თუმცა, მისი არ გაფორმებისთვის კანონი სანქციას არ ითვალისწინებს.

 

სასამსახურო ხელშეკრულებაში გაიწერება ხელმძღვანელი პირის უფლება-მოვალეობები, ანაზღაურების წესი და სხვა. ეს ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

თუ სასამსახურო ხელშეკრულებაში არ არის მოცემული ინფორმაცია ხელმძღვანელი პირის საქმიანობის ანაზღაურების შესახებ, ივარაუდება, რომ იგი თავის საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებს. ხელმძღვანელი პირის თანამდებობიდან გათავისუფლება ავტომატურად იწვევს სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ცვლილებები განიცადა მეწარმის საფირმო სახელწოდებასთან (სახელი რომლითაც მეწარმე ახორციელებს საქმიანობას) დაკავშირებულმა რეგულაციამაც. კანონში გაჩნდა იმპერატიული მოთხოვნა, თუ რა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიის სახელად. გთავაზობთ ჩამონნნათვალს: ანტი სახელმწიფოებრივი / შუღლის გამღვივებელი ან ძალადობის მოწონების / მოწოდების / პროპაგანდის სიტყვა ან სიტყვათწყობა;

დისკრიმინაციული ან საჯარო წესრიგის / საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო სიტყვა ან სიტყვათწყობა;

შეცდომაში შემყვანი დამატებითი სიტყვა;

სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტების დასახელების იდენტური ან მიმსგავსებული დასახელების გამოყენება, ისეთი პირების მიერ, რომელშიც შესაბამის ინსტიტუტს არ აქვს წილობრივი მონაწილეობა;

ფიზიკური პირის სახელი, მისი წერილობითი თანხმობის გარეშე;

საქართველოში რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის ან საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირება, ამ პირის თანხმობის გარეშე.

უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სიტყვა ან სიტყვათწყობა;

კანონი ასევე განსაზღვრავს იმ პირის პასუხისმგებლობას, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით. ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად მოსთხოვოს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა.

ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია მიუთითოს დასახელებაში მხოლოდ მისი სახელი და/ან გვარი, მაშინ როდესაც აქამდე სავალდებულო იყო ორივესი (სახელის და გვარის ერთად) მითითება.

საქმიანი წერილი და ვებგვერდი კიდევ ერთი სავალდებულოდ შესასრულებელი საკანონმდებლო ცვლილებაა.

კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს სულ მცირე შემდეგი მონაცემები:

ა) საფირმო სახელწოდება;

ბ) იურიდიული მისამართი;

გ) საიდენტიფიკაციო ნომერი.

ეს მოთხოვნები ეხება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით შედგენილ საქმიან წერილს. მართალია, კანონი არ აკონკრეტებს თუ რას მოიცავს  საქმიანი წერილი ზუსტად თუმცა, სავარაუდოდ იგულისხმება, ნებისმიერი სახის დოკუმენტი / წერილი რომელიც გამოიცემა კომპანიის სახელით და იგზავნება ელ. ფოსტით. ასევე, დიდი ალბათობით აღნიშული არ მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო უწყებებთან მიმოწერის ფორმატს, და ვრცელდება ნებისმიერ პირთან კომუნიკაციის ეტაპზეც.

ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა სამეწარმეო საზოგადოებამ საქმიან წერილზე საფირმო სახელწოდებასთან ერთად უნდა მიუთითოს დამატება „ლიკვიდაციის პროცესში“. იგივე წესი ვრცელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მყოფ პირზე. ეს პირი ვალდებულია მიუთითოს აგრეთვე „გადახდისუუნარობის პროცესში“ ან მიუთითოს გადახდისუუნარობის კონკრეტული რეჟიმის თაობაზე − „რეაბილიტაციის რეჟიმში“ ან „გაკოტრების რეჟიმში“. უცხო ქვეყნის სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ყველა საქმიან წერილზე უნდა მიეთითოს აგრეთვე ფილიალის მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის ნომერი.

საყურადღებოა, რომ ყველა მონაცემი, რომელიც მიეთითება საქმიან წერილზე, უნდა მიეთითოს აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში). ანუ კომპანიების ვებგვერდზე სავალდებულო გახდა მინიმუმ შპს-ს საფირმო სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის და იურიდიული მისამართის მითითება. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

კიდევ ერთი სიახლეა, მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინებასთან დაკავშირებით

მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა მეწარმის მიერ გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს, თუ არ დასტურდება ელექტრონულ მისამართზე განთავსებული შეტყობინების ადრესატის მიერ უფრო ადრე გაცნობა.ლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ელექტრონული მისამართი არის მეწარმესა და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის კომუნიკაციისა და მეწარმისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების მიზნით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში მეწარმისთვის მიკუთვნებული მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი.

ახალი კანონით დარეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტის პროცესი, რომელიც სამი სტადიისგან შედგება:

  • საზოგადოების დაშლა

სიახლეს წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთვევაში უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევა თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია კანონით ან წესდებით მისთვის დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ პარტნიორი მოვალეობას ვეღარ ასრულებს და შეუძლებელი ხდება სამეწარმეო საზოგადოების მიზნის მიღწევა.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია სხვა პარტნიორების ინტერესიც საზოგადოების არსებობის გაგრძელების თაობაზე. პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე დაშლილმა სამეწარმეო საზოგადოებამ შეიძლება გააგრძელოს არსებობა, თუ ამას გადაწყვეტს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით და სამეწარმეო საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება არ დაწყებულა.

  • საზოგადოების ლიკვიდაცია

კანონის მოთხოვნაა, რომ ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან თავიანთ ვებგვერდზე გამოაქვეყნონ განცხადება და დაუყოვნებლივ შეატყობინონ კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და მოიწვიონ ისინი თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საზოგადოება თავის ქონებას ანაწილებს პარტნიორებზე წილების პროპორციულად.

  • რეგისტრაციის გაუქმება

ახალი კანონით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გაირკვევა, რომ საზოგადოებას დარჩა გარკვეული ქონება ან საჭიროა დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელება, ასეთ დროს სასამართლო ნიშნავს იგივე ან ახალ ლიკვიდატორს, რომ ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდეს.

 

კანონის სიახლეა ასევე, შეცილების უფლება, რომლის ზოგად ვადად 6 თვე განისაზღვრა, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო შეცილების უფლების შესახებ. გადაწყვეტილების შეცილების შესახებ სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს იმ მომენტიდან 1 თვის ვადაში, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მაგრამ არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვისა, ხოლო თუ საერთო კრება კანონის ან წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით იქნა მოწვეული ან ჩატარებული − გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. გადაწყვეტილების ან ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში შეცილების ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.

კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის თანახმად, ცლილებებია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებით.

გამარტივებულია შპს-ში კაპიტალის მოზიდვა, რაც ნებადართული წილების დასაშვებობასა და წილების განსხვავებული კლასების გამოშვების შესაძლებლობაში გამოიხატება. ახალი კანონის მიხედვით, კაპიტალის სტრუქტურა უფრო მოქნილია აღნიშნული სიახლე ინვესტორებს გაუადვილებს საზოგადოების დაფინანსებას, კომპანიაში წილის სანაცვლოდ.

კანონი ითვალისწინებს შპს-ის კაპიტალის დაყოფას განთავსებულ, გამოშვებულ და ნებადართულ წილებად. შპს-ს დაემატა სააქციო საზოგადოების მსგავსი მექანიზმი.

  • განთავსებული წილი გულისხმობს იმ წილების ოდენობას, რომლებიც გასცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა ამ სამეწარმეო საზოგადოებას საზღაური (განთავსებული წილი). განთავსებული წილი განსხვავდება განთავსებული კაპიტალისგან, რომლის მთავარი ფუნქცია დაფუ|ძვნებისას საზოგადოების საწყისი კაპიტალის ფორმირებაა და რომელიც მხოლოდ სს-ის შემთხვევაშია სავალდებულო.
  • გამოშვებული წილი – წილები, რომელთა განთავსების შესახებ გადაწყვეტილებაც პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან წესდებით განსაზღვრულმა ორგანომ მიიღო ან პარტნიორებმა მიიღეს. გამოშვებული წილები რეესტრში აღირიცხება და განთავსებამდე უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს. წილების განთავსებას ახორციელებს შპს-ის ხელმძღვანელი.
  • ნებადართული წილი – წილი, რომელიც პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლოა მომავალში იქნეს გამოშვებული და განთავსებული. ნებადართული წილის ოდენობა, კლასი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში შესაბამისი წილი, აგრეთვე მისი ნომინალური ღირებულება (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს.

ახალი მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად წილები შეიძლება იყოს ნომინალური ღირებულების ან ასეთის არმქონე. თუ შპს-ს აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების მქონე წილები, განთავსებული კაპიტალის ოდენობა უნდა შეადგენდეს ნომინალური ღირებულების მქონე წილების ჯამს.

თუ შპს-ს განთავსებული აქვს მხოლოდ ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. განთავსებული კაპიტალი აუცილებლად ეროვნულ ვალუტაში უნდა იყოს გამოსახული.

წესდებით შესაძლოა წილები დაიყოს კლასებად. წილები, რომლებიც იდენტურ უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს, წილების ერთ კლასში გაერთიანდებიან, შესაბამისად ერთი კლასის ყველა წილის ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე უნდა იყოს.

შპს-ის მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის პარტნიორების უფლების გამოყენება გაიზარდა 10-დან 14 დღემდე.

დივიდენდის განაწილება

კანონმდებელმა დააწესა ახალი შეზღუდვა დივიდენდის განაწილებაზე: დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია ალბათობა, რომ ამის შედეგად შპს მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შპს-ს აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას.

საკუთარი წილის შეძენა შპსის მიერ

ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ კანონმა პირდაპირ დაუშვა საკუთარი წილის შეძენა შპს-ის მიერ, რომლის მისაღები შენატანი სრულად არის განხორციელებული.

დაუშვებელია შპს-ის მიერ საკუთარ კაპიტალში იმ წილის სრულად შეძენა, რომელიც იძლევა შეუზღუდავ ხმის უფლებას ან შპს-ის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისას მისი ქონების მიღების უფლებას. თუკი შპს მაინც განახორციელებს ამ მოქმედებას საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილი უნდა გაიყიდოს ან გაუქმდეს იმ კალენდარული წლის დასრულებამდე, რომელშიც ის იქნა შეძენილი.

განთავსებული კაპიტალი

მნიშვნელოვანია რომ შპს-ის მინიმალური განთავსებული კაპიტალის დაწესების ვალდებულება კვლავ არ გვხვდება. კომპანიის შპს-ს სახით დაფუძნება შესაძლებელია განთავსებული კაპიტალის გარეშე, თუმცა ეს წესი არ ზღუდავს საზოგადოებას, დააწესოს მინიმალური საწესდებო კაპიტალი.

ახალი კანონი ასევე ადგენს პარტნიორის გასვლის/გარიხცვის წინაპირობებსა და პროცედურებს.

საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა

ისევე როგორც წინა კოდექსში – პარტნიორს შეუნარჩუნდა უფლება გავიდეს საზოგადოებიდან, თუმცა დაკონკრეტდა დამატებითი შემთხვევები როდესაც მას ასევე შეუძლია გავიდეს საზოგადოებიდან. კერძოდ, მას შეუძლია გავიდეს საზოგადოებიდან, თუ მის ინტერესებს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი სხვა პარტნიორების ან ხელმძღვანელის ქმედებების გამო ან არსებობს შემდეგი საფუძვლები:

ა) მნიშვნელოვნად შეიცვალა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგანი;

ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას დივიდენდი ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუნაწილებია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ მიიღო წილების რომელიმე კლასთან დაკავშირებული უფლების ცვლილებას შესახებ გადაწყვეტილება;

დ) სხვა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესახებ, რომელიც მასზეც ვრცელდება.

შპს-დან გასვლის მსურველი პარტნიორის წილის ღირებულება უნდა დადგინდეს მხარეთა შეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში ინიშნება აუდიტორი.

საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა

მნიშვნელოვანი საფუძველის არსებობის შემთხვევაში, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ შპს-ს სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შპს-ის ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა საზიანოა შპს-ის შემდგომი საქმიანობისთვის, თუ პარტნიორი შპს-მ წერილობით უშედეგოდ გააფრთხილა შპს-ის ინტერესების დამაზიანებელი ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ.

საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე შესაძლოა პარტნიორს შეუჩერდეს ხმის მიცემის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები. პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

საზოგადოებიდან გასული ან გარიცხული პარტნიორის ქონებრივი უფლებები დაცულია საწარმოს ვალდებულებით, წილის სანაცვლოდ მას გადაუხადოს პარტნიორს სამართლიანი კომპენსაცია.

სიახლეს წარმოადგენს ტექნიკური საშუალების გამოყენებით საერთო კრებაში ხმის მიცემა. მიცემული ხმა მხოლოდ მაშინ იქნება გათვალისწინებული, თუ შესაძლებელია ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირისა და შესაბამისი წილების სარწმუნო იდენტიფიცირება. ნების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოვლენისას აუცილებელია, იგი დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ ან ელექტრონული ხელმოწერით.

 

სააქციო საზოგადოება

მართვის სისტემა

ახალი კანონით განისაზღვრა სს-ის მართვის მონისტური და დუალისტური სისტემა. დუალისტურია მართვის სისტემა, როდესაც სააქციო საზოგადოებას, საერთო კრებისა და ხელმძღვანელი ორგანოს გარდა, ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. მონისტურია მართვის სისტემა, როდესაც სს-ს არ ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო. მართვის სისტემის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას და აღინიშნება წესდებაში.

სსის კაპიტალში შენატანი

ახალი მეწარმეთა კანონით, სს-ის რეგისტრაციის ან კაპიტალის გაზრდის მომენტისთვის აქციონერმა ფულადი შენატანი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოშვებული აქციის ნომინალური ღირებულების სულ მცირე 25%-ის ოდენობით, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − 100,000 ლარის სულ მცირე 25 პროცენტის ოდენობით. სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100,000 ლარს.

შენატანის წესი და ვადა განისაზღვრება კანონით და სს-ის წესდებით, მაგრამ მისი დაფუძნებისას ან კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სს-ის რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში. სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა არ შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოებაში არაფულადი შენატანის განხორციელების საგანი, თუმცა სხვა სახის არაფულადი შენატანის განხორციელება დასაშვებია მაგ: უძრავი ქონების.

თუკი აქციონერმა დაარღვია ფულადი შენატანის განხორციელების ვადა, ვადამოსულ განუხორციელებელ ფულად შენატანს ერიცხება წლიური პროცენტი; საზოგადოების მიერ, დამატებით შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის დარღვევისას სს-ის ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებამდე, სავალდებულოა დამატებითი ვადის დანიშვნა. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინებით აქციონერი სს-ის სასარგებლოდ კარგავს აქციას, განხორციელებულ შენატანს და მასთან დაკავშირებულ უფლებებს.

მნიშვნელოვანი გარიგება

ახალ კანონში გაჩნდა მნიშვნელოვანი გარიგების ცნება. მნიშვნელოვანი გარიგება არის გარიგება, ან ერთი მიზნისთვის განკუთვნილი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული გარიგება, რომელიც/რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული სს-ის ქონების (სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების) 25%-ის ან მეტის შეძენასთან, გასხვისებასთან ან უფლებრივად დატვირთვასთან.

კანონით მოწესრიგებულია მნიშვნელოვანი გარიგების დადების წესი. კერძოდ, მონისტური სისტემის დროს საჭიროა არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირის ან საერთო კრების თანხმობა, ხოლო დუალისტური მმართველობის პირობებში – სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრების თანხმობა.

ახალი კანონის თანახმად, ხელმძღვანელი პირი, სს-ის მართვის სისტემის მიხედვით, ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის ორგანოს ყველა ისეთი დადებული ან დასადები გარიგების შესახებ, რომლის მიმართაც ის დაინტერესებული პირია, აგრეთვე მიუთითოს თავისი დაინტერესების ხასიათი. ნორმაში ასევე ჩამოთვლილია ხელმძღვანელი პირის დაინტერესებულ პირად მიჩნევის კრიტერიუმები.

დივიდენდის განაწილება სსის მიერ

სს-ის მიერ დივიდენდის განაწილებაზე, ისევე როგორც შპს-ს დივიდენდის განაწილების შემთხვევაში დაწესდა ახალი შეზღუდვები. კერძოდ დაუშვებელია დივიდენდის განაწილება სს-ის მიერ, თუ:

დივიდენდის განაწილებამდე ან დივიდენდის განაწილების შედეგად სააქციო საზოგადოების ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული წმინდა აქტივის ოდენობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე განთავსებული კაპიტალის ოდენობა და კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ოდენობა, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია;

გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობა აღემატება ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ, ხოლო შუალედური დივიდენდის შემთხვევაში − ბოლო ფინანსური ანგარიშგების შედგენის შემდეგ მიღებულ, სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებისთვის წინა წლების გაუნაწილებელი მოგებისა და თავისუფალი რეზერვებიდან გამოთავისუფლებული სახსრების დამატებით და წინა წლების დაუფარავი ზარალისა და კანონით ან წესდებით დადგენილ რეზერვებში გადასარიცხი თანხების გამოკლებით მიღებულ ოდენობაზე;

დივიდენდის გადახდის დღისთვის ან დივიდენდის გადახდის შედეგად სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება.

დივიდენდის გადახდის (მათ შორის, დივიდენდის მოცულობისა და თითოეული სახის აქციაზე დივიდენდის გაცემის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. დივიდენდი გადახდილი უნდა იქნეს ფულით, თუ დივიდენდის გადახდის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილებით დივიდენდის სხვა ქონებით გაცემა დადგენილი არ არის.

 

რეორგანიზაცია

ახალი კანონი დეტალურად აწესრიგებს საწარმოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს როგორიცაა, რეორგანიზაციის სახეები, პროცედურები, კრედიტორთა დაკმაყოფილება, პარტნიორის მიერ წილის გამოსყიდვა და ა.შ.

აღსანიშნავი დამატებითი ცვლილებები

ახალი კანონით, სიახლეა უცხო ქვეყნის ინდივიდუალური მეწარმის ფილიალის რეგისტრაციის შესაძლებლობაც. აღნიშნული პირდაპირ არ წერია კანონში, თუმცა აღინიშნება კანონის განმარტებით ბარათში, და გამომდინარეობს სავარაუდოდ იქიდან რომ კანონი უშვებს ნებისმიერი მეწარმის ფილიალის რეგისტრაციას საქართველოში, ხოლო მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირიც, რომელსაც აქვს საწარმო.

არსებული წესდების შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს უკვე რეგისტრირებული საწარმოების ვალდებულება, სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს ამავე კანონის მოთხოვნებთან მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში.

წყაროები:  საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ

lta.ge

Tags

Similar posts