საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით შექმნილი ვითარების გამო მკვეთრად შეიცვალა ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების ფინანსური მდგომარეობა. თითქმის ორი თვეა საწარმოთა უმეტესობას შეუჩერდა საქმიანობის უფლება, რამაც, ბუნებრივია, შეამცირა მათი შემოსავალი. შემოსავლის შემცირების ან მისი სრულად დაკარგვის ფონზე ბევრ კომპანიას დარჩა ვალდებულებები. კოლაფსის პერიოდი კი საკმარისად ხანგრძლივი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიზნესსუბიექტების ბიუჯეტსა და ზოგადად ფინანსურ მდგომარეობას სტაბილურობა შეენარჩუნებინა. ბევრი კომპანიისთვის არც სახელმწიფოს მიერ გაწეული შეღავათები (როგორიცაა გადასახადების გადავადება, საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება) აღმოჩნდა საკმარისი რთული პერიოდის დასაძლევად. აღნიშნული პრობლემების „გადაჭრის გზა“ საწარმოთა გარკვეულმა ნაწილმა საწარმოს რეორგანიზაციაში/ლიკვიდაციაში იპოვა.

აღსანიშნავია, რომ სტატიაში ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაზე, როგორც  რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის მიზეზზე ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში შექმნილი ვითარების და ამ მიზეზის აქტუალურობის გამო. სხვა შემთხვევაში კი მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს იმისათვის, რომ საწარმოს პარტნიორებმა/აქციონერებმა რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღონ.

საწარმოს რეორგანიზაცია შეიძლება განხორცილდეს სამი სახით. ესენია: გარდაქმნა, შერწყმა და გაყოფა. გარდაქმნა გულისხმობს ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმოს გარდაქმნას სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ, მაგალითისთვის, სააქციო საზოგადოების გარდაქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. შერწმა გულისხმობს ორი საწარმოს გაერთიანებას და მათ ერთ საწარმოდ ჩამოყალიბებას ან ერთი საწარმოს მეორესთან მიერთებას. გაყოფის პროცესი კი მოიაზრებს საწარმოს გაყოფას ორ ან ორზე მეტ საწარმოდ, რომლებიც საქმიანობას გააგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი საწარმოები, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. რაც შეეხება საწარმოს ლიკვიდაციას, პარნიორები/აქციონერები აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებენ ბიზნესის უიმედო პერსპექტივის მდგომარეობაში, როდესაც ერთადერთი გამოსავალი საწარმოს „გაუქმებაა“.

სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის დაწყების მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირს. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების სია ამგვარად გამოიყურება:

  • განცხადება;
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწეყების დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, მაგალითად, პარტნიორთა კრების ოქმი);
  • ინფორმაცია სუბიექტის ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადების შესახებ.

ერთი შეხედვით, ზემოთაღნიშნული დოკუმენტების თავმოყრა და პროცესის დაწყება მარტივია, მაგრამ როგორც რეორგანიზაცია, ისე ლიკვიდაცია, საკმაოდ რთული კატეგორიის პროცესებს წარმოადგენს და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ამ პროცესების უსაფრთხოდ და შედეგიანად დასრულება მოითხოვს სამართლებრივ და აუდიტორულ(საგადასახადო ექსპერტის) კომპლექსურ დახმარებას.

საწარმოს რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სამართლებრივ დახმარებას. ამ პროცესების მიმდინარეობისას წარმოიშვება არაერთი სამართლებრივი საკითხი, რომლებიც სწორად წარმართვას საჭიროებს. მაგალითისთვის, რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის დაწყებისას საჭიროა კანონისა და საწარმოს წესდების გათვალისწინებით განისაზღვროს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა. პროცესის სწორად წარმართვისთვის აუცილებელია საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/თავმოყრა. რეორგანიზაციის შემთხვევაში საჭიროა ახალი წესდების სწორად შედგენა, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია (რა გავითვალისწინოთ ბიზნესის რეგისტრაციიასას? – შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ) ასევე, საწარმოს რეორგანიზაციამდე/ლიკვიდაციამდე მნიშვნელოვანი და აუცილებელია კომპანიის სამართლებრივი მდგომარეობის შეფასება და მოწესრიგება შემდგომში დავების თავიდან აცილების მიზნით. მაგალითისთვის, საჭიროა შრომითი ურთიერთობების სამართლებრივად სწორად დასრულება დასაქმებულებთან, ასევე, საწარმოსა და მის მოვალეებს/კრედიტორებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეფასება, მოთხოვნებისა და ვალდებულებების განსაზღვრა და ა.შ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია, თქვენი საწარმო „მზად იყოს“ საგადასახადო შემოწმებისთვის, რაც, ერთის მხრივ, გულისხმობს განხორციელებული ოპერაციების საგადასახადო კუთხით შემოწმებას, ხოლო მეორეს მხრივ, რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესში განასხორციელებელი ოპერაციების სწორად წარმართვას, მაგალითად, ლიკვიდირებული იურიდიული პირის მიერ პარტნიორისათვის ძირითადი საშუალების გადაცემის დაბეგვრის საკითხის გადაწყვეტა, ლიკვიდაციისას საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანის დაბეგვრის საკითხის გადაწყვეტა, საწარმოს ძირითადი საშუალებების რეალიზაციის დაბეგვრის საკითხის გადაწყვეტა და სხვა.

ფინანსური გადაწყვეტილების ჯგუფი მისი ცოდნის, კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე მზად არის შემოგთავაზოთ ხარისხიანი და სანდო კომპლექსური მომსახურება თქვენი ბიზნესის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესისთვის, რაც თავიდან აგაცილებთ არასასურველ შედეგებს.

„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“-ს (“FSG”-ის)  იურიდიული   დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ფლორენსია კახშჩიანი