რეფორმის მიზანი იყო თანამდეროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ინვესტიციების მოსაზიდად პროცედურების გამარტივება, ინვესტორზე/პარტნიორზე მორგებული მოქნილი რეგულაციების შემუშავება და ამავდროულად საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
ამ მნიშვნელოვანი თარიღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, ალბათ ლოგიკური იქნებოდა „ახალ“ კანონს უკვე „ძველის“ სტატუსი შეეძინა, თუმცა ფაქტია, გამარტივებული და მოქნილი საკანონმდებლო შესაძლებლობების მიუხედავად, ბიზნესს უჭირს ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა და მათზე მორგება.
კერძოდ, ახალი კანონის მიღებისას საწარმოებს მიეცათ კანონის ამოქმედებიდან 2-წლიანი ვადა საწარმოს/ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის.
მოგვიანებით, ბიზნესისთვის შესაბამისობაში მოყვანისთვის დადგენილი 2-წლიანი ვადა 2025 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. შემდეგ კი კიდევ ერთხელ გადავადდა და ამჟამად ცვლილებებისთვის დადგენილი ვადა 2026 წლის 1 აპრილია.
საკანონმდებლო ცვლილების განმარტებითი ბარათი იუწყება, რომ აღნიშნული გარდამავალი პერიოდის 1 წლით გახანგრძლივება მიზნად ისახავს საწარმოთა სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამ საწარმოთა საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას.
ზემოთ აღნიშნული, ლოგიკურია, მეტყველებს იმაზე, რომ საწარმოებს უჭირთ შესაბამისობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობისთვის დადგენილი ვადის გადავადება ესაჭიროებათ.
ამ საჭიროების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ახალი „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი რეგულაციები კვლავ საკმაოდ აქტუალურია, როგორც უკვე დაფუძნებული ბიზნესებისთვის ასევე იმ საწარმოებისთვის, რომლებიც მომავალში გეგმავენ რეგისტრაციას. ამიტომ, წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ საქართველოს სამეწარმეო საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას, რომელიც მოიცავს დარგის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს. სტატია ერთგვარი გზამკვლევია მათთვის, ვისაც სურს ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ბიზნესის რეგისტრაცია
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით, მეწარმის რეგისტრაცია სავალდებულოა. სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად აუცილებელია სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც შეიცავს წესდებას და, რომელიც ხელმოწერილია ყველა დამფუძნებელი პარტნიორის მიერ.
ახალი კანონი განსაზღვრავს იმ სავალდებულო მონაცემების ჩამონათვალს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეიცავდეს სადამფუძნებლო შეთანხმება. მათ შორისაა: სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, დამფუძნებელთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ა.შ.
რაც შეეხება წესდებას, ის უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივ ფორმას, საქმიანობის საგანს, ინფორმაციას პარტნიორთა შეთანხმების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში) და ა.შ.
სტანდარტულ წესდებებს სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმების მიხედვით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საწარმოს დამფუძნებლებს შეუძლიათ აირჩიონ, ისარგებლებენ სტანდარტული წესდებით თუ შეიმუშავებენ საკუთარ წესდებას.
სტანდარტული წესდების გამოყენება სრულიად საკმარისია საწარმოს რეგისტრაციისთვის, თუმცა დამფუძნებლებს ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ, შეიმუშაონ მათზე ინდივიდუალურად მორგებული სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება. რატომ? წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესები (რა თქმა უნდა, გარდა იმპერატიული (სავალდებულო) წესებისა). სამეწარმეო საზოგადოების წესდებით შეიძლება მოწესრიგდეს აგრეთვე ის საკითხები, რომლებიც კანონით საერთოდ არ არის მოწესრიგებული, ან განივრცოს კანონის ის ნორმები, რომლებიც შესაბამის საკითხებს ამომწურავად არ აწესრიგებს.
შესაბამისად, კანონმდებლობა ინვესტორებს/დამფუძნებლებს აძლევს საკმაოდ ფართო თავისუფლებას იმისათვის, რომ მათ თავად შეიმუშაონ მათ კომპანიაში მოქმედი წესები და თავიდან აიცილონ მომავალში წარმოშობილი უთანხმოებები, გაურკვევლობები და დავები.
ინდივიდუალური წესდების შემუშავება იქნება ყველაზე მყარი გარანტი პოტენციური რისკების პრევენციისთვისა და თქვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვისთვის.
რჩევა: ნუ ისარგებლებთ სტანდარტული წესდებით! შეიმუშავეთ თქვენს ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური წესდება!
სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა 2026 წლის 1 აპრილამდე
უკვე რეგისტრირებული კომპანიები ვალდებულები არიან 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით, მათ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინონ სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება, რომლებიც შეესაბამება ახალი კანონის მოთხოვნებს.
ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოს უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. აგრეთვე, ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ასევე, საქართველოში მოქმედ ბანკებს. გარდა ამისა, საწარმოს ეზღუდება ქონების განკარგვა, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობა, საბანკო ანგარიშების მართვა, ახალი ანგარიშის გახსნა, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა და კრედიტის აღების შესაძლებლობა.
ამდენად, სარეგისტრაციო ვალდებულებების დარღვევით შეაჩერებთ მთლიანი ბიზნესის ოპერირებას და საფრთხეს შეუქმნით მის მომავალს.
რჩევა: ნუ დაელოდებით დადგენილი ვადის მოახლოებას! დამფუძნებელთა ინტერესებისა და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება, ასევე ინდივიდუალური სადამფუძნებლო შეთანხმებისა და წესდების შემუშავება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია! შესაბამისად, იზრუნეთ რისკების დაზღვევაზე ვადის მოახლოებამდე!
შპს-ის წილის ახალი სახეები და კლასები
ახალი კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს (შპს-ებს) შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეთ მეტად კომპლექსური სტრუქტურა წილების თვალსაზრისით, რაც ახალი კანონის მიღებამდე დაშვებული არ იყო. კერძოდ, ახალი კანონი წარმოგვიდგენს შემდეგი ტიპის წილებს:
განთავსებული წილები – შპს-ის მიერ სხვა პირზე გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ გაცემული წილები;
გამოშვებული წილები – წილები, რომელთა განთავსების შესახებ გადაწყვეტილებაც პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან წესდებით განსაზღვრულმა ორგანომ მიიღო ან პარტნიორებმა მიიღეს;
ნებადართული წილი – წილი, რომელიც პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაძლოა მომავალში იქნეს გამოშვებული და განთავსებული. ნებადართული წილის ოდენობა, კლასი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში შესაბამისი წილი, აგრეთვე მისი ნომინალური ღირებულება (თუ ასეთი ღირებულება დადგენილია) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აისახოს.
წესდებით შეიძლება დაშვებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილების განსხვავებული კლასების არსებობა. წილები, რომლებიც იდენტურ უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს, წილების ერთ კლასს ქმნის. ერთი კლასის ყველა წილის ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე უნდა იყოს. სხვადასხვა კლასის წილებთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს და მათ შინაარსს აწესრიგებს წესდება.
რჩევა: შპს-ის წესდების შემუშავებამდე განსაზღვრეთ თქვენი ბიზნესის სტრატეგია, სამომავლო გეგმები და ინვესტორთა მოძიების შესაძლებლობები. არ გაუშვათ კანონით მონიჭებული შესაძლებლობა ხელიდან, რომ სტრატეგიულად განსაზღვროთ წილებისა და კლასების სახეები, რათა ხელი შეუწყოთ თქვენი ბიზნესის სამომავლო განვითარებას.
რეორგანიზაცია და რედომიცილება
“მეწარმეთა შესახებ” კანონი საწარმოებისთვის ადგენს რეორგანიზაციის შემდეგ ფორმებს: გარდაქმნა, შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება), გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).
გარდაქმნა – პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება გარდაიქმნას სხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებად. მაგალითად სააქციო საზოგადოებიდან – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. გარდაქმნის შემდეგ სამეწარმეო საზოგადოება აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით.
შერწყმა – ერთი ან ერთზე მეტი სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება მიუერთდეს სხვა სამეწარმეო საზოგადოებას; ასევე, ორი ან ორზე მეტი სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება გაერთიანდეს ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებით.
გაყოფა – სამეწარმეო საზოგადოება შეიძლია დაიყოს ახლად დაფუძნებულ ორ ან ორზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებად ან სამეწარმეო საზოგადოებას შეიძლება გამოეყოს გამოყოფის შედეგად ახლად დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი სამეწარმეო საზოგადოება.
გარდა ამისა, კანონი იძლევა რედომიცილების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანას ისე, რომ არ დაირღვეს მეწარმის საქმიანობის უწყვეტობა.
რჩევა: საწარმოს რეორგანიზაციამდე/რედომიცილებამდე სწორად შეარჩიეთ თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი სამართლებრივი ფორმა. კონსულტაცია გაიარეთ იურისტთან პროცედურის კანონთან შესაბამისად განხორციელებისათვის.
ხელმძღვანელი პირის სასამსახურო ხელშეკრულება
კანონი ცალსახად მიჯნავს საწარმოსა და ხელმძღვანელ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებას შრომითი ხელშეკრულებისგან და ავალდებულებს საწარმოს, ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დადოს სასამსახურო ხელშეკრულება. მასზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები.
სასამსახურო ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს ხელმძღვანელი პირის საქმიანობის ანაზღაურების ოდენობა, ფორმა და პერიოდულობა, სამსახურებრივი პრივილეგიები, რომლებსაც ხელმძღვანელი პირი მიიღებს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, აგრეთვე მისი უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც იმოქმედებს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც. თუ სასამსახურო ხელშეკრულება არ შეიცავს ინფორმაციას ხელმძღვანელი პირის საქმიანობის ანაზღაურების შესახებ, ივარაუდება, რომ იგი თავის საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებს.
ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება ავტომატურად იწვევს სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების მოშლას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
კანონი განსაზღვრავს სასამსახურო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ იმპერატიულ (სავალდებულო) მოთხოვნებს, თუმცა ამავდროულად მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ გარკვეული პირობები. აღნიშნული შესაძლებლობა წარმოადგენს ინტერესების დაცვის მექანიზმს როგორც საწარმოსთვის, ასევე ხელმძღვანელი პირისთვის.
რჩევა: სასამსახურო ხელშეკრულების გაფორმებამდე როგორც საწარმომ, ასევე ხელმძღვანელმა პირმა უნდა გაიარონ კონსულტაცია იურისტთან და დარწმუნდნენ, რომ იგი შეიცავს მათი ინტერესების დაცვისთვის საჭირო მაქსიმალურად მყარ მექანიზმებს.
პარტნიორთა შეუთანხმებლობის ჩიხი (Shareholder Deadlocks)
სამეწარმეო პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს ე.წ. shareholder deadlocks, რომელიც პარტნიორებს შორის შეუთანხმებლობის გამო წარმოშობილ ჩიხურ მდგომარეობას გულისხმობს.
წარმოიდგინეთ შპს ორი პარტნიორით, რომელთაგან თითოეული ფლობს 50%-იან წილს. წესდებით გათვალისწინებულია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმათა უმრავლესობა. პარტნიორებს კი ერთმანეთის საპირისპირო პოზიცია აქვთ. სწორედ ასეთ შემთხვევას ეწოდება ჩიხური მდგომარეობა.
ახალი კანონით გამოიკვეთა სამი მნიშვნელოვანი მექანიზმი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად. კერძოდ: პარტნიორის გასვლა, პარტნიორის გარიცხვა და სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით.
პარტნიორის გასვლა – პარტნიორს უფლება აქვს, გავიდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან, თუ:
- ხელმძღვანელობის ან სხვა პარტნიორების ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს მის ინტერესებს; ან
- სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგანი მნიშვნელოვნად შეიცვალა; ან
- სამეწარმეო საზოგადოებას დივიდენდი ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუნაწილებია, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა; ან
- სამეწარმეო საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება წილების რომელიმე კლასთან დაკავშირებული უფლების ცვლილებას; ან
- სხვა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესახებ, რომელიც მასზედაც ვრცელდება.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის მსურველი პარტნიორის წილის ღირებულება ექვემდებარება ანაზღაურებას საბაზრო ფასის ფარგლებში.
პარტნიორის გარიცხვა – მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის გარიცხვის შესახებ. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, როდესაც:
- პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებს; ან
- მისი პარტნიორად დარჩენა საზიანოა სამეწარმეო საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის.
სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით – მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება დაიშალოს სასამართლოს გადაწყვეტილებით. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია კანონით ან წესდებით მისთვის დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ პარტნიორი მოვალეობას ვეღარ ასრულებს და სამეწარმეო საზოგადოების მიზანი ვეღარ მიიღწევა.
რჩევა: თუ იმყოფებით ჩიხურ მდგომარეობაში, კონსულტაცია გაიარეთ იურისტთან თქვენი ინტერესების დაცვისთვის საჭირო სწორი მექანიზმის შესარჩევად და პროცედურის სწორად დასაცავად. ხოლო თუ გსურთ ჩიხური მდგომარეობის პრევენცია ან/და კანონისგან განსხვავებული სხვა მექანიზმების შემუშავება, გაითვალისწინეთ შესაბამისი პირობები საწარმოს წესდებაში.