fbpx Skip to main content Skip to search

Archives for სიახლეები

რას გულისხმობს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონი

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამშენებლო ამნისტიას შეეხება, გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.

ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები“.

როგორც თბილისის მერი განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობის და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას.

აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში, ამნისტიის გარდა, გაწერილია მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, ისიც, რომ მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს დღეს წარმოადგენს თბილისის მოსახლეობა. რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობის და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას, თბილისში ჩვენ მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა დარღვევებით და დღეს ამ ობიექტების მესაკუთრეებს წარმოადგენენ სწორედ თბილისელები.

ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს, მომავალში ამგვარი დარღვევების თავიდან არიდების მიზნით.

მომავალში ამგვარი დარღვევების თავიდან არიდების მიზნით, რათა 5-10 წლის შემდეგ, კვლავ არ დავდგეთ მსგავსი რეალობის წინაშე.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ გავზარდეთ სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმების რაოდენობა. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული ეფექტი, მაგრამ ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ და სწორედ ამიტომ შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა, გადავახდევინებთ ჯარიმას თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა, თუ მეორედ არ იქნება გამოსწორებული გადავა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში“, -განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

საკანონდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობანაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობანაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე.

ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობანაგებობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობის დადგენას. დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.

იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმების და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობანაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის არ აქვს ინტერესი შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და ტოვებს ობიექტს. არ აინტერესებს კორპუსი შევა თუ არა ექსპლუატაციაში, შემდეგ იქ მცხოვრები ადამიანები დარბიან რომ ეს საცხოვრებელი სწრაფად შევიდეს ექსპლუატაციაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

Read more

რა უნდა ვიცოდეთ პერსონალური მონაცემებზე და როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2011 წლის 28 დეკემბრის კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ მიღების შემდეგ, თუმცა 2013 წლამდე არ არსებობდა ორგანო, რომელიც უზრუნველყოფდა კანონის შესრულებაზე ზედამხედველობას, დარღვევების პრევენციასა და მათ აღმოფხვრას. დღეს, ასეთ ორგანოს წარმოადგენს   სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურ, რომელსაც ევალება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი და რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შემთხვევაში.

საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ განმარტებით, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით ; ანუ ნებისმიერი ინფორმაცია,რომლითაც  შესაძლებელია, პირის ვინაობაის დადგენა,  ან შესაძლებელია მასზე გარკვეული ინფორმაციის მოძიება.

როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია ?

განვიხილოთ პირადობის მოწმობის მაგალითზე. პირადობის მოწმობა თქვენი ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია ის უნიკალური იდენტიფიკატორია და იძლევა სხვა პირთაგან გამორჩევის შესაძლებლობას. ვინაიდან თქვენი პირადი ნომრისა და პირადობის მოწმობაში მითითებული სხვა პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენების მრავალი რისკი არსებობს, საჭიროა გაუფრთხილდეთ მათ და დაიცვათ ისინი მესამე პირთაგან.

  • ნუ გაუმჟღავნებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, მათ შორის, ინტერნეტ გვერდების მეშვეობით;
  • თუ ითხოვენ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებას, დაინტერესდით ვის მიერ და რა მიზნით მოხდება მათი გამოყენება;
  • უყურადღებოდ ნუ დატოვებთ თქვენს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს და მათ ასლებს;
  • გამოყენების შემდგომ, გაანადგურეთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები;
  • საიდენტიფიკაციო დოკუმენტი შეინახეთ უსაფრთხო და დაცულ ადგილას;
  • ნუ დატოვებთ თქვენს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს ქმედების განხორციელების, მაგალითად, ნივთის დაბრუნების სანაცვლოდ;
  • ონლაინ მომსახურების გამოყენებისას შეამოწმეთ გვერდების საიმედოობა და შეიყვანეთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ უსაფრთხო საიტებზე;

 

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით უფლება გაქვთ :

  • მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რა მიზნით და საფუძვლით ითხოვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
  • მოითხოვოთ ინფორმაცია, რამდენად აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება;
  • მოითხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ გადაეცემა თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს;
  • მოითხოვოთ დოკუმენტში შეცდომით დაფიქსირებული ან მოძველებული პერსონალური მონაცემის გასწორება და განახლება;
  • მოითხოვოთ უსაფუძვლოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების წაშლა ან/და განადგურება;
  • უკან გაითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა.

 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ კანონით, მონაცემთა გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე დამუშავება გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას.

Read more

,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ ცვლილებების თანახმად, კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა მოუწევთ

შრომის კოდექსის საფუძველზე, 1 მარტიდან, საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს, თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა მოუწევთ. ჯანმრთელობის დაცვის და შრომის მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა “ტაბელის” ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან/და პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, როგორც ყოველთვიური დოკუმენტი, საბოლოო წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შევსებული და ხელმოწერილი 1 წლის განმავლობაში ინახება დამსაქმებელთან ან მის მიერ განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში/პირთან.

 

რა მონაცემები მიეთითება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას:

 

ა) გრაფაში „ორგანიზაციის დასახელება“– ორგანიზაციის/დაწესებულების სრული დასახელება;

ბ) გრაფაში „სტრუქტურული ერთეული“ – ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის/ დანაყოფის/ქვედანაყოფის, როგორიცაა დეპარტამენტი, სამსახური, სამმართველო და ა.შ. სრული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) გრაფაში „შედგენის თარიღი“ – პასუხისმგებელი პირის მიერ სამუშაო დროის აღიცხვის ფორმის შედგენის თარიღი;

დ) გრაფაში „საანგარიშო პერიოდი (-დან, -მდე)“ – საანგარიშო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღები;

ე) გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი“ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური და მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) გრაფაში 1 – რიგითი ნომერი;

ზ) გრაფაში 2 – დასაქმებულის გვარი, სახელი, თანამდებობა (სპეციალობა, პროფესია);

თ) გრაფაში 3 – პირადი ნომერი ან ტაბელის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) გრაფებში 4 და 6 – საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების/არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით შესაბამისად თვის პირველ და მეორე ნახევარში;

კ) გრაფებში  5 და 7 – შესაბამისი თვის პირველ და მეორე ნახევარში ნამუშევარი საათების ჯამი;

ლ) გრაფაში 8 – თვის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა ჯამური რაოდენობა;

მ) გრაფაში 9 – თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ნ) გრაფაში 10 – თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ო) გრაფაში 11 – თვის განმავლობაში ღამით (22.00-დან 6.00-მდე პერიოდი) ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

პ) გრაფაში 12 – თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ჟ) გრაფაში 13 – თვის განმავლობაში სხვა 10-12 გრაფებისგან განსხვავებული, მათ შორის დისტანციურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

რ) გრაფაში 14 – თვის განმავლობაში დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების (საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის) პერიოდი;

ს) გრაფაში 15 – თვის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი;

ტ) გრაფაში 16 – ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდი;

უ) გრაფაში 17 – თვის განმავლობაში სხვა 14-16 გრაფებისგან განსხვავებული გაცდენილი დღეების/საათების ჯამური რაოდენობა;

ფ) გრაფაში 18 – თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეების ჯამური რაოდენობა;

ქ) გრაფაში „პასუხისმგებელი პირი“ – დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერა;

ღ) გრაფაში „ორგანიზაციის/სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი“ – ორგანიზაციის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი.

  1. იმ შეთხვევაში, თუ ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და შევსებაზე პასუხისმგებელი პირი ერთი და იგივე პირია, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა დასტურდება ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერით.

დეტალური ინფორმაცის შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე :

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5099344?publication=0&fbclid=IwAR1bijVmyZ4g9svxEmBx_EHhHsftrXMSMwxrth-4QuNcDFnLAf6cl2hcqKQ

Read more

შეზღუდვების შემსუბუქება (თებერვალი)

04.02.2021 რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში – მთავრობის
გადაწყვეტილებები სრულად
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა ასეთია:

8 თებერვლიდან – თბილისში, ქუთაისში და რუსთავში –  მუნიციპალური ტრანსპორტი –
მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკორტაქსებიც –  ამოქმედდება.
8 თებერვლიდან – მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება ბაზრობები;
15 თებერვლიდან – თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლის მოსწავლეები სწავლას
საკლასო ოთახებში გააგრძელებენ;
15 თებერვლიდან – ამოქმედდება კვების ობიექტების, რესტორნების ღია სივრცეები.
მიუხედავად გასხნის გადაწყვეტილებებისა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.
მთავრობა კვლავ ძალაში ტოვებს ე.წ. კომენდანტის საათს 21:00 საათიდან 05:00
საათამდე; დახურული რჩება მთის კურორტები, უმაღლესი სასწავლებლები და
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

Read more

01.02.2021 -დან დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება სავალდებულოა

2021 წლის 1 თებერვლიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის ( https://www.rs.ge/ ) მეშვეობით.

დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აისახება დაქირავებულ პირთა შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • დაქირავებული პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი;
  • სამუშაო განაკვეთი;
  • სტატუსი – აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი;
  • სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი;
  • აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
  • შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას;
  • შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

მონაცემების ცვლილებისას დამქირავებელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები 2 კალენდარული დღის ვადაში ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში.

2021 წლის 1 მარტამდე დამქირავებელი ვალდებულია „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით  აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.

,,დაქირავებულ პირთა რეესტრში”, არასწორი ინფორმაციის შეტანა იწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას (სსკ-ის 291 მუხლი)

Read more

ცვლილებები შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით.

  1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში
  2. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;
  3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით
  4. 24 დეკემბრიდან- 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები
  5. გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან:

– მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე

– მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:

– მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი

– მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;

– ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;

– ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.

– ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ

– სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით

– ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები

– აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას

– ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

6. დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

7. სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

8. რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.

9. ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;

10. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

 

Read more

შრომის რეფორმა და შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები

უკვე რამდენიმე თვეა, რაც პარლამენტი, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამსაქმებლები, დასაქმებულები და შრომით-სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული სხვა პირები  შრომის რეფორმაზე მსჯელობენ. გრძელვადიანი განხილვისა და კანონპროექტით გათვალიწინებული პირობების რამდენჯერმე გადახედვის შემდეგ, საბოლოოდ საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ორგანულული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ.

აღნიშნული ცვლილებების მიხედვით წესრიგდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაო, სტაჟირება, შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა, შვებულება და ა.შ.

წინამდებარე სტატიის მიზანია შრომითსამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება შრომის კოდექსში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. აღნიშნული საკითხების შესახებ ინფორმირებულობა დამსაქმებლებს დაეხმარება შრომითი ურთიერთობების კანონმდებლობის შესაბამისად მოწესრიგებაში, რაც უზრუნველყოფს სამომავლოდ წარმოშობილი დავების ან/და პასუხისმგებლობის პრევენციას, ხოლო დასაქმებულებს დაეხმარება საკუთარ უფლებებში უკეთ გარკვევასა და მათ დაცვაში.

განვიხილოთ განხორციელებული ცვლილებები თემატურად:

  1. შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა

განხორციელებული ცვლილებების მიხედვით გაუმჯობესდა შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტი. კერძოდ, შრომის კოდექსის მიზნებისათვის დისკრიმინაცია განხილულია, როგორც განზრახ ან გაუფრთხილებულობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება ნებისმიერი ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

ახალი შრომის კოდექსით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა დასაქმებულთა თანასწორობას სქესის ნიშნით და სათანადოდ განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება, უზრუნველყოს ქალი და მამაკაცი თანაბარი შრომის ანაზღაურებით, თუ ისინი თანაბარ სამუშაოს ასრულებენ.

უკანასკნელ წლებში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მზარდი სტატისტიკა საფუძველი გახდა იმისათვის, რომ შრომის კოდექსში აღნიშნული საკითხიც მოწესრიგებულიყო. ცვლილების თანახმად, სამუშაო ადგილზე შევიწროება (მათ შორის, სექსუალური) დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად განიხილება და წარმოადგენს არასასურველ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებულის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. აგრეთვე, დაზუსტდა სექსუალური შევიწროვების ცნებაც, რომლის მიხედვითაც, ის წარმოადგენს პირისათვის სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმას ან/და ასეთი ფრაზებით მიმართვას, გენიტალიების ჩვენებას ან/და ნებისმიერი სხვა სექსუალური ხასიათის არასიტყვიერ ფიზიკურ ქცევას.

ახალი შრომის კოდექსით განმტკიცდა დასაქმებულის დაცვის მექანიზმიც, კერძოდ, აკრძალული გახდა დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და დასაქმებულის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ დისკრიმინაციის აკრძალვა მოქმედებს როგორც შრომითი ურთიერთობის მიმდინარეობისას, ისე წინასახელშეკრულებო ურთიერთობაშიც, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზეც.

  1. შრომითი ხელშეკრულება

შრომის ახალი კოდექსი ავალდებულებს დამსაქმებელს, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს წერილობით, იმ შემთხვევაში თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა აღემატება 1 თვეს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის რეგულირებას და მათ შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში მის გადაწყვეტას ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ცვლილებებით, ასევე, განისაზღვრა ის არსებითი პირობები, რომელსაც უნდა შეიცავდეს შრომითი ხელშეკრულება. ესენია:

  • ინფორმაცია მხარეთა შესახებ;
  • მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის განგრძლივობა;
  • სამუშაო დრო და დასვენების დრო;
  • სამუშაო ადგილი;
  • თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;
  • შრომის ანაზღაურება და მისი გადახდის წესი;
  • ანაზღაურებადი/არაანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მისი მიცემის წესი;
  • შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი.
  1. არასრული სამუშაო განაკვეთი

შრომის კოდექსში გაჩნდა ცნება არასრული სამუშაო განაკვეთის შესახებ. არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი არის დასაქმებული, რომლის სამუშაო დრო კვირის განმავლობაში ან საშუალოდ 1 წლამდე ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობის პერიოდში ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის სამუშაო დროზე ნაკლებია.

დამსაქმებელს ეკრძალება არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულ პირთან შედარებით მხოლოდ იმას გამო, რომ ეს პირი დასაქმებულია არასრულ სამუშაო განაკვეთზე.

ასევე, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მის მიერ სრული სამუშაო განაკვეთიდან არასრულ სამუშაო განაკვეთზე ან არასრული სამუშაო განაკვეთიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე გადასვლაზე უარის თქმის გამო. დასაქმებულის უფლება, დასაქმდეს ერთზე მეტ სრულ ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს მხოლოს იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

  1. სტაჟირება

საქართველოში დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ, რომელიც მდგომარეობდა სტაჟიორის „უფასო მუშა ხელად“ განხილვასა და მიზნად ისახავდა სტაჟიორთა შრომის გამოყენებას მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებისათვის, საფუძველი ჩაუყარა შრომის კოდექსში სტაჟირების საკითხის მოწესრიგებას. ცვლილებებით განისაზღვრა, რომ სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. აღნიშნულმა ნორმამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სტაჟირების მთავარი და უპირველესი მიზანი არის არა დამსაქმებლის სამუშაოს შესრულება, არამედ სტაჟიორის მიერ გარკვეული ბენეფიტის მიღება, რომელიც ხელს უწყობს მის კარიერულ განვითარებას.

ამ მიზნის უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს შრომითი ხელშეკრულების დადებას. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეჩერდა ან/და შეწყდა.

ცვლილებებით განისაზღვრა სტაჟირების ხანგრძლივობის მაქსიმალური ვადები: ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა − 1 წელს. პირს უფლება აქვს, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ანაზღაურებისგარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

ზემოთ აღნიშნული პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად სავალდებულოა, სტაჟიორსა და დამსაქმებლის ურთიერთობას აწესრიგებდეს წერილობითი ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაო.

 

  1. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, ორსულთა სხვა ბენეფიტები

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით. დასაქმებულს უფლება აქვს, ეს დღეები თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიღების შესაძლებლობა და დღეების ოდენობა განსაზღვრული იყო შრომის ძველი კოდექსითაც, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ხოლო, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.

ეს ცვლილება მოტივირებულია მამის როლის გაძლიერებით ბავშვის მოვლისა და აღზრდის პროცესში, ასევე, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული შრომის გადანაწილებით მშობლებს შორის.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებულს უფლება აქვს, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე იმავე შრომის პირობებით, აგრეთვე ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით იმის ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა, შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა.

ცვლილებები ორსულებს/მეძუძურ დედებს უზრუნველყოფს სხვა ბენეფიტებითაც:

თუ იმ დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც არის ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალი, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ იძლევა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას, მას გონივრული მისადაგების ფარგლებში უფლება აქვს, მოითხოვოს იმავე დამსაქმებელთან თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამუშაოს შესრულება.

ორსულ ქალს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი დრო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებისთვის, თუ ეს გამოკვლევა სამუშაო დროის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

ორსულ ქალს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ამ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება.

ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება, თუ ეს აუცილებელია მის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად და დამსაქმებლისთვის არაპროპორციულ ხარჯებს არ წარმოშობს.

იმ დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება.

  1. დასვენების დრო

დასაქმებულის უფლებების დაცვის მიზნით განისაზღვრა დასვენების დრო. ცვლილებების მიხედვით, სამუშაო დღეებს/ცვლებს შორის დასაქმებულის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. მიმდევრობით ორ ცვლაში მუშაობა აკრძალულია. 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული დასვენებით 7-დღიანი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არანაკლებ 24 საათისა.

თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა 6 საათს აღემატება, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება სულ მცირე 60 წუთის ოდენობით.

შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებებისა და გარანტიების დაცვა თითოეულ დასაქმებულს შეუძლია სასამართლოსთვის მიმართვის გზით, თუმცა, დამსაქმებლის მიერ მისი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ადმინისტრაციული სახდელები დააკისროს დამსაქმებელს შრომითი ნორმების დარღვევისათვის. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნით შრომის ინსპექციის სამსახური იყენებს შემდეგ მექანიზმებს:

  • მოთხოვნის შემთხვევაში, შრომითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა ან/და ინფორმაციის მიწოდება;
  • შრომითი ნორმების დაცვის ხელშემწყობი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა საინფორმაციო კამპანიებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელებით;
  • შრომითი ნორმების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღება და განხილვა;
  • ინსპექტირება.
Read more

როგორ ავირიდოთ თავიდან სამომავლო დავები და ზედმეტი დანახარჯები? იურიდიული და საშემფასებლო მომსახურება

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღევანდელ რეალობაში ცხოვრება შეუძლებელია იურიდიული საკითხებისათვის გვერდის ავლით. ნებისმიერ ადამიანს ყოველ ნაბიჯზე უწევს სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა. ყველაზე მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზვრობისას ბილეთის შეძენაც ხელშეკრულების დადების ტოლფასია და ჩვენ გაუცნობიერებლად ვხდებით სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები.

ავტობუსით მგზავრობა მისი მნიშვნელობიდან და ბილეთის საფასურის მიზერულობიდან გამომდინარე ჩვენთვის არ წარმოადგენს სარისკო სამართლებრივ ოპერაციას. თუმცა ვითარება ბევრად რთულდება, როცა საქმე ეხება მნიშვნელოვან, მასშტაბურ სამართლებრივ ურთიერთობებს, სადაც არსებობს დიდი რისკი როგორც დავის წარმოშობის, ისე ფინანსური დანაკარგის.

ამგვარი მნიშვნელოვანი ოპერაციის შესრულებისას, წინდახედული ადამიანები წინასწარ უზრუნველყოფენ გარანტიების არსებობას და ახდენენ სამომავლო დავებისა და ფინანსური დანაკარგის პრევენციას. უფრო რისკიანებს კი, სამწუხაროდ, დავის მოგვარებაში და ხარჯების შემცირებაში დახმარება პოსტ ფაქტუმ ესაჭიროებათ. ორივე შემთხვევაში დგება იურიდიული და საშემფასებლო მომსახურებათა კომბინაციის საჭიროება.

მაგალითისთვის ავიღოთ ისეთი მნიშვნელოვანი ოპერაცია, როგორიცაა საცხოვრებელი სახლის შეძენა. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა გამყიდველს ავალდებულებს, რომ მყდიველს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნასყიდობის საგანი. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი მხარეთა შორის შეთანხმებული ხარისხისაა. მაგალითად, თუ ბინის ფართი შეესაბამება მხარეთა მიერ ერთმანეთთან შეთანხმებულ კვადრატულობას, თუ ბინის რემონტის დონე იმ მახასიათებლებისაა, როგორზეც მხარეები შეთანხმდნენ და ა.შ.  თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. რაც შეეხება უფლებრივ ნაკლს, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. მარტივად რომ ვთქვათ, საცხოვრებელი საგანი უფლებრივად ნაკლიანი იქნება, თუ, მაგალითად, ის დატვირთულია იპოთეკით.

როგორ ავირიდოთ თავიდან სამომავლო დავები და ზედმეტი დანახარჯები?

სარისკო და მაღალბიუჯეტური ოპერაციების განხორციელებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამისათვის კი აუცილებელია გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისა და შემფასებლის დახმარება. ჩვენ მიერ განხილულ მაგალითში (საცხოვრებელი ბინის შეძენა) შემფასებელი ამოწმებს ბინის ნივთობრივ ნაკლოვანებებს – რამდენად შეესაბამება მისი ღირებულება მის რეალურ მახასიათებლებს, არის თუ არა ფართი შეთანხმებული მოცულობის, გარემონტებული, სათანადოდ მოწყობილი. შემფასებელი ითვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული ბინის მახასიათებლებს, არამედ იმასაც, თუ როგორ შენობაში (კორპუსში) მდებარეობს ბინა, რამდენად პრესტიჟულია მისი ადგილმდებარეობა, როგორი ხედი იშლება აივნიდან და ა.შ. შემფასებელი განსაზღვრავს ბინის საბაზრო ღირებულებას, რის შედეგადაც მარტივად გადასაწყვეტი ხდება, ღირს თუ არა ბინაში გამყიდველის მიერ დასახელებული თანხის გადახდა.

რაც შეეხება იურისტის როლს, ის ამოწმებს გასაყიდი საგნის უფლებრივ მდგომარეობას: ნამდვილად ირიცხება თუ არა ბინა გამყიდველის საკუთრებაში, ხომ არ წარმოადგენს ის თანასაკუთრებას, ხომ არ მიმდინარეობს მასზე სასამართლო დავა, ხომ არ არის დატვირთული იპოთეკით და ა.შ. იურისტი ასევე გეხმარებათ შესაბამისი გარანტიებით აღჭურვილი ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენაში, რომელიც თავიდან აგარიდებთ სამომავლო დავებს და უზრუნველყოფს, რომ ნივთი თქვენს საკუთრებაში გადმოვიდეს ყოველგვარი გართულებების გარეშე.

რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ ყველა ეს საფეხური გავლილი იქნება სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლამდე, მაგრამ რა ხდება, როცა არ გამოვიჩენთ წინდახედულებას და მოგვიწევს სამართლებრივ დავაში მონაწილეობა?

როგორია იურისტისა და შემფასებლის როლი სამართლებრივ დავაში?

ალბათ ცალსახა და ნათელია, რომ სასამართლო დავის დროს იურისტი ყველაზე მთავარ როლს ასრულებს. სწორედ მის მოვალეობაში შედის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი სარჩელისა თუ შესაგებელის (პასუხი სარჩელზე) მომზადება, რომელიც განმტკიცებული იქნება სწორი პოზიციით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებითა და მტკიცებულებებით.

იურისტის/ადვოკატის პასუხისმგებლობაა ამტკიცოს საგნის ნივთობრივი/უფლებრივი ნაკლის არსებობა და აქედან გამომდინარე წარმოშობილი სასარჩელო მოთხოვნა: იქნება ეს ზიანის ანაზღაურება, ფასის შემცირება თუ ხელშეკრულებიდან გასვლა და რესტიტუცია (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა).

რაც შეეხება შემფასებელს, მისი როლი განსაკუთრებულია სარჩელის ფასის შეფასების დროს. მოგეხსენებათ, სასამართლოში დავის დასაწყებად აუცილებელია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სარჩელის ფასთან და სასარჩელო მოთხოვნასთან. მაგალითისთვის, თუ თქვენ შეიძინეთ ნივთობრივი ნაკლის მქონე ბინა, თქვენ უფლება გაქვთ გამყიდველისგან მოითხოვოთ იმ თანხის ანაზღაურება, რომელიც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. აღნიშნულის ობიექტურად შეფასება კი სწორედ შემფასებლის მოვალეობში შედის. სწორედ ეს თანხა მიეთითება სარჩელის ფასში და აქედან დაითვლება სახელმწიფო ბაჟიც.

 

წინამდებარე სტატიაში განხილული იყო მხოლოდ ერთი – საცხოვრებელი ბინის შეძენის მაგალითი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იურისტისა და შემფასებლის როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითქმის ყველა ტრანზაქციაში – იქნება ეს საწარმოს წილის განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, საზიარო უფლების გაუქმება, მეუღლეთა შორის თანასაკუთრების გაყოფა თუ სხვა.

სხვადასხვა მომსახურების ერთ სივრცეში არსებობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად კომფორტულია ისეთი საკონსულტაციო კომპანიის მომსახურებით სარგებლობა, რომელიც სხვადასხვა სერვისის ერთდროულად შემოთავაზების მეშვეობით თავიდან აგარიდებთ ზედმეტი დროის რესურსის კარგვასა და სხვა ტრანზაქციულ დანახარჯებს.

FSG-ში თქვენ შეძლებთ მიიღოთ გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისა და შემფასებლის მომსახურება. აღსანიშნავია, რომ თქვენი სურვილის შესაბამისად, შეგვიძლია შემოგთავაზოთ დისტანციური მომსახურებაც.

Read more

მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა იცოდეთ საქართველოს რეზიდენტობასთან დაკავშირებით

რეზიდენტობა საგადასახადო მიზნებისთვის (იგივე, რაც საგადასახადო რეზიდენტობა) საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია გადასახადის ყველა გადამხდელისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილიც ერთმანეთისაგან განსხვავებულია. საგადასახადო რეზიდენტობის განასზღვრა უზრუნველყოფს იმის დადგენას, თუ რა ტიპის შემოსავლები ან ოპერაციები დაექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას კონკრეტულ ქვეყანაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34.2 მუხლის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

აღნიშნული 183-დღიანი წესი, ერთი შეხედვით მარტივად გასაგები ჩანს, მაგრამ მასში არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განსაზღვროთ თქვენი რეზიდენტობის საკითხი და მზად იყოთ საგადასახადო პასუხისმგებლობისათვის.

წინამდებარე სტატიაში მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ცოდნაც საჭიროა საქართველოს რეზიდენტობის განსაზღვრისათვის:

  1. თქვენ შეიძლება იყოთ საქართველოს რეზიდენტი მაშინაც კი, თუ თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვაგან არის

183-დღიანი წესის მიხედვით, მიუხედავად იმისა თუ სად არის თქვენი საცხოვრებელი ადგილი, თქვენ შეიძლება ჩაითვალოთ სხვა ქვეყნის რეზიდენტად. მაგალითად, თქვენ შეიძლება დაიბადეთ და გაიზარდეთ გერმანიაში, თქვენი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს გერმანიაში, თქვენი შვილები დადიან გერმანიის სკოლაში და ა.შ. მაგრამ თქვენ ხშირად სტუმრობთ საქართველოს და აქ ატარებთ წელიწადში 183 დღეს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩაითვლებით საქართველოს რეზიდენტად და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობთ გერმანიაში, საქართველოში დაექვემდებარებით გადასახადებით დაბეგვრას.

  1. ნებისმიერი ხანგრძლივობის დრო ითვლება დღედ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34.5 მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა. ასე რომ, თუ თქვენ 5 წუთი მაინც გაატარეთ საქართველოში, ითვლება, რომ თქვენ 1 დღე იყავით საქართველოში.

  1. ყურადღება მიაქციეთ საქართველოში ყოფნის მიზეზს

საქართველოში რეზიდენტობის საკითხის დასადგენად სახელმწიფოს სურს გაიგოს, თუ რამდენი დღე გაატარეთ ამ ქვეყანაში, მაგრამ აგრეთვე მნიშვნელოვანია თქვენი აქ ყოფნის მიზეზი. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მიზეზს უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე დღეების რაოდენობას. იმისათვის, რომ განხილული იყოთ, როგორც საქართვლოს არარეზიდენტი, თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ საქართველოში გაატარეთ 183 დღეზე ნაკლები, თუმცა თქვენ შეიძლება საქართველოში იმყოფებოდეთ 183 და მეტი დღის განმავლობაში, მაგრამ მაინც არ ჩაითვალოთ საქართველოს რეზიდენტად, თუ დაადასტურებთ, რომ თქვენი აქ ყოფნის მიზეზი „დროებითი ხასიათის“ იყო. უფრო კონკრეტულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34.4 მუხლის მიხედვით,   საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს არ მიეკუთვნება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში:

ა) როგორც დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი;

ბ) როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, გარდა საქართველოს მოქალაქისა;

გ) ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას;

დ) სამკურნალოდ ან დასასვენებლად.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.

  1. ყველა ტერმინს აქვს თავისი მნიშვნელობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში“, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში“, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს.

თითოეულ ზემოთ აღნიშნულ ტერმინს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, კერძოდ,

„მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში“ ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის განმავლობში ერთ დღეს მაინც კმაყოფილდება რეზიდენტობის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები და წინაპირობები, ეს საკმარისია იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტად მთელი წლის განმავლობაში.

„ნებისმიერი უწყვეეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში“ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის რეზიდენტობისთვის არ არის აუცილებელი, 183 დღე გავატაროთ საქართველოში აუცილებლად 2020 წელს ან 2019 წლის რეზიდენტობისთვის გავატაროთ საქართველოში 183 დღე აუცილებლად 2019 წელს. მთავარია 12 თვის უწყვეტობა, იმისდა მიუხედავად, როდის დაიწყება ის (მაგ. 5 მარტიდან-4 თებერვლამდე პერიოდი, 10 ოქტომბრიდან-9 სექტემბრამდე პერიოდი და ა.შ.)

ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ არ არის აუცილებელი 183 დღე იყოს უწვეტი. პირმა შეიძლება დატოვოს ქვეყანა და შემდეგ დაბრუნდეს უკან, თუმცა თუ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში დაგროვდა ჯამში 183 დღე, ეს ითვლება, რომ ის იქნება საქართველოს რეზიდენტი.

  1. ერთი დღე ითვლება მხოლოდ ერთხელ

ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.

Read more

FSG-ის ყველა თანამშრომელს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება შეუნარჩუნდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყანაში ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება, თუმცა ამავდროულად უარყოფითი შედეგებიც გამოიწვია. მრავალი კომპანიისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა საქმიანობის შეჩერება ან მისი დისტანციურ რეჟიმში წარმართვა. ამ ყველაფერმა კომპანიის შემოსავლების შემცირება გამოიწვია, რაც საბოლოოდ იქ დასაქმებულების მდგომარეობაზე აისახა. ბევრ კომპანიას მოუწია თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირება, მათთვის არაანაზღაურებადი შვებულების მიცემა ან საერთოდ გათავისუფლება.

„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“ სიამაყით აცხადებს, რომ მან ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შეიმუშავა საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში განხორციელების გეგმა და სტრატეგია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველივე დღიდან კი დისტანციურად ახორციელებდა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევას ჩვეული ხარისხით.

შედეგად კომპანიამ მოახერხა თითოეული თანამშრომლისთვის შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების გამო კომპანიის არცერთ თანამშრომელს არ შემცირებია ანაზღაურება, არცერთი მათგანი არ გათავისუფლებულა სამსახურიდან და არ გასულა არაანაზღაურებად შვებულებაში.

„ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი“ მადლობას უხდის მის თითოეულ თანამშრომელს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დისტანციური საქმიანობის ხარისხიანად განხორციელებისთვის და გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის.

ჩვენი მომსახურება არადისტანციურ რეჟიმში შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მე-6 ეტაპის ამოქმედებისთანავე გაგრძელდება ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით.

Read more