რეზიდენტობა საგადასახადო მიზნებისთვის (იგივე, რაც საგადასახადო რეზიდენტობა) საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია გადასახადის ყველა გადამხდელისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილიც ერთმანეთისაგან განსხვავებულია. საგადასახადო რეზიდენტობის განასზღვრა უზრუნველყოფს იმის დადგენას, თუ რა ტიპის შემოსავლები ან ოპერაციები დაექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას კონკრეტულ ქვეყანაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34.2 მუხლის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

აღნიშნული 183-დღიანი წესი, ერთი შეხედვით მარტივად გასაგები ჩანს, მაგრამ მასში არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განსაზღვროთ თქვენი რეზიდენტობის საკითხი და მზად იყოთ საგადასახადო პასუხისმგებლობისათვის.

წინამდებარე სტატიაში მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ცოდნაც საჭიროა საქართველოს რეზიდენტობის განსაზღვრისათვის:

  1. თქვენ შეიძლება იყოთ საქართველოს რეზიდენტი მაშინაც კი, თუ თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვაგან არის

183-დღიანი წესის მიხედვით, მიუხედავად იმისა თუ სად არის თქვენი საცხოვრებელი ადგილი, თქვენ შეიძლება ჩაითვალოთ სხვა ქვეყნის რეზიდენტად. მაგალითად, თქვენ შეიძლება დაიბადეთ და გაიზარდეთ გერმანიაში, თქვენი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს გერმანიაში, თქვენი შვილები დადიან გერმანიის სკოლაში და ა.შ. მაგრამ თქვენ ხშირად სტუმრობთ საქართველოს და აქ ატარებთ წელიწადში 183 დღეს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩაითვლებით საქართველოს რეზიდენტად და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობთ გერმანიაში, საქართველოში დაექვემდებარებით გადასახადებით დაბეგვრას.

  1. ნებისმიერი ხანგრძლივობის დრო ითვლება დღედ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34.5 მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა. ასე რომ, თუ თქვენ 5 წუთი მაინც გაატარეთ საქართველოში, ითვლება, რომ თქვენ 1 დღე იყავით საქართველოში.

  1. ყურადღება მიაქციეთ საქართველოში ყოფნის მიზეზს

საქართველოში რეზიდენტობის საკითხის დასადგენად სახელმწიფოს სურს გაიგოს, თუ რამდენი დღე გაატარეთ ამ ქვეყანაში, მაგრამ აგრეთვე მნიშვნელოვანია თქვენი აქ ყოფნის მიზეზი. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მიზეზს უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე დღეების რაოდენობას. იმისათვის, რომ განხილული იყოთ, როგორც საქართვლოს არარეზიდენტი, თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ საქართველოში გაატარეთ 183 დღეზე ნაკლები, თუმცა თქვენ შეიძლება საქართველოში იმყოფებოდეთ 183 და მეტი დღის განმავლობაში, მაგრამ მაინც არ ჩაითვალოთ საქართველოს რეზიდენტად, თუ დაადასტურებთ, რომ თქვენი აქ ყოფნის მიზეზი „დროებითი ხასიათის“ იყო. უფრო კონკრეტულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34.4 მუხლის მიხედვით,   საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს არ მიეკუთვნება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში:

ა) როგორც დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი;

ბ) როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, გარდა საქართველოს მოქალაქისა;

გ) ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას;

დ) სამკურნალოდ ან დასასვენებლად.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.

  1. ყველა ტერმინს აქვს თავისი მნიშვნელობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში“, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში“, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს.

თითოეულ ზემოთ აღნიშნულ ტერმინს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, კერძოდ,

„მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში“ ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის განმავლობში ერთ დღეს მაინც კმაყოფილდება რეზიდენტობის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები და წინაპირობები, ეს საკმარისია იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტად მთელი წლის განმავლობაში.

„ნებისმიერი უწყვეეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში“ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის რეზიდენტობისთვის არ არის აუცილებელი, 183 დღე გავატაროთ საქართველოში აუცილებლად 2020 წელს ან 2019 წლის რეზიდენტობისთვის გავატაროთ საქართველოში 183 დღე აუცილებლად 2019 წელს. მთავარია 12 თვის უწყვეტობა, იმისდა მიუხედავად, როდის დაიწყება ის (მაგ. 5 მარტიდან-4 თებერვლამდე პერიოდი, 10 ოქტომბრიდან-9 სექტემბრამდე პერიოდი და ა.შ.)

ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ არ არის აუცილებელი 183 დღე იყოს უწვეტი. პირმა შეიძლება დატოვოს ქვეყანა და შემდეგ დაბრუნდეს უკან, თუმცა თუ უწყვეტი 12 თვის განმავლობაში დაგროვდა ჯამში 183 დღე, ეს ითვლება, რომ ის იქნება საქართველოს რეზიდენტი.

  1. ერთი დღე ითვლება მხოლოდ ერთხელ

ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.